Tuesday, March 22, 2011

გალაქტიონი

გალაკტიონ ტაბიძე
(1891-1959)

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში 1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის "შუქის" გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა.
1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.
გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება - იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.
გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას - საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.
ამონარიდი
აღნიშნე, დრო, დრო აღნიშნე შენს მიერ ნაწერ ფურცლებზე. ნუ დასტოვებ მათ უთვისტომოდ, დროს, ეპოქის დასივრცის გარეშე. რასაკვირველია, ყოველი შენი ნაწარმოების სტრიქონებში ღრმად ჩაქსოვილია ეპოქები, ეპოქა წამებისაც, ეპოქა ახალი ცხოვრების მოპოვების, ძველის ნგრევის, ეპოქა გარდატეხის, ეპოქა მძიმე ინდუსტრიის შექმნის სოციალისტურ ლიანდაგზე, ეპოქა,რომელიც ექადაგება მსოფლიო კაპიტალს, ეპოქა, რომელიც წითელი დროშის ქვეშ გაშმაგებული ერთ მეექვსედზე დედამიწის ზურგზე აშენებს ახალ ცხოვრებას და მთელ მსოფლიო კაპიტალს, ფესვებდამპალს, უცხადებს უკანასკნელ გადამწყვეტ ომს შრომის გასანთავისუფლებლად მტელ მსოფლიოში. მოძრაობს, ამოძრავდა მონები ინდოეთის, გერმანიის, ეგვიპტის, პოლონეთის, კიტაის. ბობოქრობს ხმელეთი და ოკეანეები. კლასთა ბრძოლა, კლასთა ღელვა, შეირყა , შეირყა ჯაჭვები... და ყველა ეს ლექსებში, პოემებში ჩაქსოვილია სურათებათ ბეჯითად, შიშით, რომ არაფერი, არც ერთი ფერი, არც ერთი ძაფი არ გამოგრჩენოდა. და შემდეგ ახალი დაახლი ეპოქა რომ გადახედავს შენს ნაწარმოებს, მეშინია, შეუმჩნეველი არ დარჩეს მას ის შენი ხელის, აზრების დაგრძნობების ჟრიამული, რასაც შენ აქსოვ ეხლა შენს ლექსებში. ვინ უყურებს მას, თუ რას იტან შენ, შენს ღარიბულ ოთახში როდესაც სწერ, როგორ დაჭიმულია შენი ძარღვები, აზრები... ეხლა, როგორც ხანდისხან მუშაობის დროს, მოგიგონებ შენ, მაქ ცივ ოთახშიმომუშავეს, და გამიელვებს აზრი: დრო, ულმობელი, დღევანდელ თაობას ერთ დროს წაგვიშლის. როგორც შემოდგომის ფურცელი, შენც მიგფარავს სამუდამოთ და დარჩება მუდამ ცოცხალი შენი ლექსები, პოემები, შენი სურათი აქარგული ეპოქებით, მაგრამ წამებს, საათებს შენი განცდისას ვინ დაითვლის მაშინ, ვინ აკინძავს? არავინ? მე არ მინდა, წამიც, წამიც შნი ნააზრის, ნაგრძნობის დაიკარგოს. მეშინია. აღნიშნე დრო. დრო აღნიშნე.
ხელოვანის ტრაგედია

ხელოვანი, რომელიც ლაბორატორიულ მუშაობას მოსწყდება, თავს ასე ინუგეშებს: “დავუშვებ ამ შეცდომას, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, გადაუხვევ გზას მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ერთხელ... რა დიდი ამბავია თავისთავის წინააგმდეგ წახვიდე და ისიც მხოლოდ ერთხელ... განა ჩემი მომავალი ჩემს ხელში არ არის? განა ხვალვე არშევუდგები ჩემს სწორი გზით სიარულს, იმ გზით, რომელიც მიყვარს, ვაღმერთებ...” მაგრამ ხელოვანს იმედი არ გაუმართლდა. იგი ერთხელ მოსწყვიტეს რა კერას, წაიყვანეს თავისი გზით, გაცილებით უფრო იოლით დასასიამოვნოთი, იაფი ტაშისცემის გზით, იაფი ყვავილებით, იაფი რეკლამით და როდესაც ხელოვანმა მოისურვა თავის წინანდელ გზას დაბრუნებოდა, იგი ვეღარ იპოვა, დაჰკარგა რა სწორი გეზი, შემოეცალა ყალბი დიდების შარავანდედიც. იგი მოსწყინდათ. იოლი და სასიამოვო გზაც გაჰქრა, ტაშს აღარავინ უკრავს, იაფი ყვავილებიც დასჭკნენ. ხელოვანი მარტოდ მარტოა. და აქ იწყება მიდი ტრაგედიაც. დაცარიელებული სულით ბრუნდება დიდი ხნის შემდეგ თავის ლაბორატორიაში და იქ ანონიმური ბარათი ხვდება ლექსად დაწერილი:
კაცს საწუთრო როგორ აბნევს, იძლეოდი დიდ იმედებს.
ეგონათ, რომ ბედი დაფმება მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ურემს დიდი სიმწრის ალით მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლე იმ ჭრიალით საუკუნის ნახევარი.
ნდობა გვქონდა მეტისმეტი და გზას გაგიანკარებდით,
არ გამართლდა ის იმედი, ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც მიდიოდა ურემი. ბოლოს იგი გადაბრუნდა და გზაც მერე გამოჩნდა: ნამდვილი ხელოვნების გზა, მშვენიერზე მშვენიერი გზა. მაგრამ ... რა ახლოა და როგორ შორსაა იგი... ხელოვანი უკვე ჭაღარაშერეული კაცია! ეჰ! საბოლოოდ გადაბრუნდა!
2 ნოემბერი, 1948 წელი
საუკუნის დასაწყისის პოეზია
ეს პოეტის “მე”-ა, რომ ასე ღუპავს საერთო საქმეს. ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის ჭირდება ხმაურობის ატეხა იმის გამო, რომ “პოეზია იწყება მისით და თავდება მისით”? როდესაც მასა არ იღებს ასეთს პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზეა ნათქვამი: იხმაურეს, საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბად, სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს! საჭიროა ამ მხრით ნიადაგის კარგად მოსინჯვა, რა და რა ხარვეზებია, რომ შეივსოს და კიდევ ბევრი, ბევრი რამაა საჭირო სწორი გზის მიგნებისათვის.
ის პირველი ათეული წლები იყო დაწყებითი პერიოდი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა შემდეგი პერიოდი. საწყისი იგი უკავშირდებოდა ხალხს, რევოლუციას. ეს იყო მთლიანად ქართული პოეზიის ახალი თავი. მაგრამ ამავე დროს იყო თავდაპირველი ჩვენი საუკუნის პოეზიის, ზოგადად რომ ვსთქვათ, ასომთავრული ისტორიის წიგნში, ახალი გვერდი ლიტერატურული ისტორიის. თავდაპირველი განზრახვა პოეზიის პირვანდელი, ძირითადი, ზოგადი საფუძვლები. საწყისი სიტყვები, რომელთაც განავითარეს საწყისი სიჩქარე - ამგვარადაა შეფასებული ჩვენი საუკუნის დასაწყისი საქართველოს მწერლების ისტორიის უკეთესი მკვლევარების მიერ. თანამედროვე პოეზია მალე ფეხზე დადგება, წელში გაიმართება. მალე დაწყება მშენებლობა ახალი პოეზიისა. ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. სიმღერა დიდი ხანია წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლიოთ, საერთო ხორო შევქმნათ, ყველა უნდა ცდსილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას (მე ერთი მამიდაშვილი მყავდა, როდესაც ჩვენს სიმღერაში ჩაერეოდა, სიმღერა ისე აირეოდა, რომ ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა. საწყალს სმენა არა ჰქონდა, დარწმუნებული კი იყო, რომ მასზე უკეთესი ბარიტონი მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. შემდეგ გამოირკვა, რომ ის განგებ იყო გამოგზავნილი ჩვენს გასაგიზიანესიმღერის ჩასაშლელად. სადიზმია ერთგვარი).
1950 წ.
საკუთარი ლექსების შესახებ

“რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი.... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.
2
როდის სთქვა აკაკიმ სიტყვები სიახლეზე? მაინც რა სიახლე იყო იმ პირველ წიგნში? რა თქმა უნდა, თემატიური. საჭიროა დეტალური გარჩევა წიგნისა ამ მხრით. შესაძლებელია იყოს სიახლე ტექნიკურიც. საჭიროა გულდასმით შესწავლა წიგნისაა ამ მხრივაც. რა ლექსებია წიგნში ისეთი, რომელშიაც პირველად ისმის ესა თუ ისმოტივი, პირველად ცოცხლდება ტემა (მაგალ., “მუსიკა უეცარი”, “გეტერა”, “ასე ხანდახან ქალაქის ხმაში”), რაც წინად არ ყოფილა.
იდეა გეტერასი: ღვთაებრივ სალოცავ სახეს იძლევა თვით ცხოვრება, ხელოვნების ძირითად აზრს იძლევა თვით ცხოვრება. აფროდიტას საზედ ტაძარში იდგება სახე უბრალო ქალის - ამ შემთხვევაში გეტერასი, აი, რარის ხაზგასმული. აფროდიტა სიმბოლოა, ამ შემთხვევაში მაღალი იდეიის, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, რა არის გეტერა, თუ არა სახე, ამ შემთვევაში - არა სიმპატიური,მაგრამ მაინც ცხოვრებიდან აღებული? მაშასადამე, ძირითადად როგორია როლი მხატვრის, მგოსნის, მოქანდაკის?... (უკეთ, როგორი უნდა იყოს) ყოველი დიადი სახე უნდა იქნას აღებული ცხოვრებიდან, ხელოვნების დასაყრდენი - ცხოვრებაა. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი. და ასე უნდა იქნას გარჩეული. თვითეულილექსი აღმოჩენილ უნდა იქნას. იხ. “მე დაღამე”, მაგალითად ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახ ალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფ იცი? სჩანს თუ არა აქ ბუნება, მაგრამ არა ადამიანის გარეშე, არამედ ადამიანის მიერ განცდილი, არა განყენებული (ეს მთავარია. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი!).
რატომ არფის მთვარე და არამზე> უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის. მართალია, მითოლოგიაა, წიგნში არის სონეტი. ლექსში “ტყეში” - ახალია თუ არა ფორმით?
17 ნოემბერი, 1950 წ.
3
მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!
1950-1958წ.
მწერლობისა და სიტყვისათვის

მე მინდა ვწერო მხოლოდ საგანზე და საგნის გამო და მე არ მინდა ვქერო მხოლოდ იმიტომ, რომ ვწერო. მე მაქვს აზრები და დაკვირვებანი, რომლებიც სხვისთვის გაზიარების ჭირსი მგონია. მე არ მჭირდება ფულები. და არას დროს არაფერს არ დავწერ ფულებისათვის. მე არ ვფიქრობ წერისათვის.მე არ მინდა გამომიცნონ იმით, რომ რაც შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელო ჩემი მოსაზრებები და გავავრცელო რა არასწორი (ყალბი), დაჭიმული და მერყევი აზრები, ვსჩანდე ისეთად, როგორიც ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და დღესაც არა ვარ. არ მიყვარს ნახევრად ბნელი გამოთქმები, რომ ჩემს ნაწერებს აკლდეს სრული სინათლედა გარკვეულობა: მე არ ვსწერ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქაღალდი დავწერო. ხდება ხანდახან, ესე შეემთხვევა ხანდახან ბევრს საუკეთესო ჩვენას მწერლებს; ასე მაგალითად... როგორც კი შევამჩნევ ამ გარემოებას, მაშინვე მივაგდებ წიგნს, იმიტომ რომ დრო ძვირფასია... ბოლოსდაბოლოს მე შეცდომაში არ უნდა შემყავდეს მკითხველი, არასდროს არ მივიღებ ისეთ სახეს, თითქო ვწერ იმის გამო, რომ რაღაც სათქმელი მაქვს. ჰონორარი ლიტერატურის დაღუპვაა. ღირსს იმისას, რომ დაიწეროს, სწერს ის, ვინც სწერს მხოლოდ და განსაკუთრებით საქმისათვის. რა დაუფასებელი სიკეთემდე მიღწევა იქნებოდა, რომ ლიტერატურის ყოველ დარგში არსებულიყვნენ მხოლოდ ცოტა, მაგრამ, საუკეთესო, მშვენიერი წიგნები, ეს კი არასდროს არ მოხდება მანამდე, სანამ არსებობს ჰონორარი. ფულებს თითქო დაღად აზის წყევლა: თვითეული მწერალი უსათუოდ წახდება, ფუჭდება მაშინვე,როგორც კი წერას დაიწყებს რაიმე გამორჩენისათვის. საუკეთესო ნაწარმოებნი უდიდესი ადამიანებისა ეკუთვნის იმ დროს, როდესაც მათ უნდა ეწერნათ ან სრულიად უსასყიდლოთ ან და სრულიად უმნიშვნელო ჰონორარისთვის... (ხანდახან პატიოსნება )
ბარათაშვილი, ილია, აკაკი........


პოეტის, ბარათაშვილის, მწარე გულსაკლავი ქვითინი ის-ის იყო შეწყდა. იგი, ყველასათვის უცნობი და უცხო თავის უკვდავი განცდით და მზიური შემოქმედებით, ყველასათვის უცნაური თავისი საქართველოსათვის ახალი და მოულოდნელი მოტივებით, ყველასგან დევნილი ბარათაშვილი უცხო მხარეში გარდაიცვალა და, ილია ჭავჭავაძის არიყოს, “ვინ უწყის თანა რაოდენნი წარიღო ფიქრნი, რაოდენ გრძნობით ჯერ უთქმელად ჩაესვენა.” ბარათაშვილის პოეტურმა შემოქმედებამ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაიმარჯვა, მაშინ როდესაც საზოგადო ლიტერატურამ დაკარგული ძალა და გავლენა ისევ მოიპოვა საქართველოში. თუ როგორ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენში მაშინდელ ლიტერატურას, ამის საუკეთესო მაგალითი ბარათაშვილია. იგი მსხვერპლი გახდა მაშინდელი საზოგადოებრივობის ინდეფერენტიზმია, მწარე, გულსაკლავი ტირილი აღმოხდა, მწუხარედ ქვითინებდა ილია ჭავჭავაძე, როდესაც ბარათაშვილის სიკვდილი გაიგო.
ბარათაშვილი არ იყო პროფესიონალი ლიტერატორი.... ლიტერატურის პრესტიჟის ასამაღლებლად საჭირო იყო უფრო გამბედავი და მეტი ცოდნით, გამოცდილებით შეიარაღებული ახალგაზრდობა, რომელსაც ცოტათი ნიადაგიც და ასპარეზი სჭირდებოდა სამოქმედო და რომლის დროშა ხელში აიღეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. უკანასკნელებმა წაუშლელი კვალი დააჩნიეს ქართველი ინტელიგენციის ისტორიაში. საზოგადოდ ქართველი ინტელიგენციის ისტორია ამ ორი პიროვნების გამოსვლით იქყება. ჩვენს წინ ცოცხლად სდგას ერთი მხრით დაუღალავი მშრომელი და ძლიერი სულიერი ნების პატრონი ილია ჭავჭავაძე, მეორე მხრით დაუმონებლად ამაყი და ციური ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილი პოეტი აკაკი.
ქართული ლექსის შესახებ
გამოსარკვევია: “კარგავს თუ არა ქართული ლექსი მუსიკალობას ”. თუ მართლა ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, უნდა შვისწავლოთ მიზეზები ასეთი მოვლენის (გაზეთის ენა, უცხო სიტყვების სიმრავლე, საზოგადოთ პოეტური კულტურის დონის დაწევა, ახალი კლასის, პროლეტარიატის გამოცდილება ახალი კულტურის შექმნისათვის). შემდეგ უნდა შევუდგეთ ლექსის, როგორც ასეთის, კულტურის დაფუძნებას. აქ ძალიან ბევრს, მეტისმეტად ბევრს მოგვცემს ხალხური პოეზია, რომელიც განირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებით, მუსიკალობით. ხალხური პოეზია შგნებულად გაურბის ყოველგვარ მძიმე გამოთქმებს, იგი ბუნებრივია. იგი კრისტალურად წმინდაა.
პირველი ლექსი

პირველი ჩემი ლექსი “ღრუბელი” დაიბეჭდა 1908 წელს ჟურნალ “ახალ კვალში”, რომელიც გამოდიოდა ცნობილი რევოლუციონერის, შსანიშნავი ადამიანის ვლადიმერ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. ლექსი დაწერილი იყო 1905 წლის შავი რეაქციის გამეფების დროს. ლადო დარჩიაშვილი განსაკუთრებული ყურადღებით მომეპყრო. მან წარმადგინა თავისი ჟურნალის თანამშრომლებთან პოეტური სიტყვებით: “იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი”. გახარებულმა იმავე დღეს შევიარე ეხლანდელი პრესის ქუჩაზე გაზ. “ამირანის” რედაქციაში. მანდილოსანი, რომლის გვარი შემდეგ გავიგე, გადამეხვია. იგი აღელვებული ამბობდა: თქვენ, ასეთი ახალგაზრდა, როგორ სწერთ ასეთ ლექსებს და სხვა. ჩემი ორი პირველი ლექსი ერთი და იმავე დღეს დაიბეჭდა და ეს იყო ყველაზე უკეთესი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მალე გადავიქეცი პირველ ქართულ სიტყვაკაზმულ ჟურნალის “ფასკუნჯის” ძირითად თანამშრომლად. ამ ჟურნალში მაშინ თავი მოიყარა საქართველოს ყველა ცნობილმა მწერალმა. ამ ჟურანლში მე მოვათავსე მთელი რიგი ლექსებისა. შემდეგ არ გამოსულა არც ერთი ჟურნალი ან გაზეთი, რომ მე არ მეთანამშრომლოს.
[1923 წ.]

ბიცოლა ელისაბედი ჩვეულებრივად შემოვიდა დედაჩემის სანახავად.
მე მას ვუჩვენე ტიციანის წერილი “კომუნისტში”, საქ. გასაბჭიოების 14 წლის შესრულების გამო.
- ეგ ხომ თქვენი საქმეს - წერა! - სიხარულით სთქვა მან. შემდეგ დაუმატა.
- შენ ხომ ჩემი მფერხავი იყავი ყოველ ახალ წელიწადს. გახსოვს ვერცხლის აბაზიანები? შენ ყოველთვის კარგი ფეხის იყავი.
- მახსოვს, ორსულად ვიყავი. ტიციანი დაბადებული არ იყო. ვიწექი. ახალი წლის ღამეს ჩემმა დ ედამთილმა შემოიყვანა გალაკტიონი, ჯერ პატარა, ფეხზე ვერ დადიოდა და ლოგინში შმომიგორა: კარგი ფეხის არისო! როდესაც გათენდა, მე წამოვდექი. რანაირადაც არ მიჭირდა, ოთახში გავიარე. პირველად იმ ახალ წელიწადს დღეს ნელა დადგა ფეხზე და გაიარა გალაკტიონმაც, მან ფეხი აიდგა და ჩემს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.
[1935]
მერი

1
სახელი “მერი” - მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია.
2
“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.
[1938]
ასი ლექსი


-ასი ლექსი? - წამოიძახა მოსემ, - ბრავო! რამ დაგაწერია, შე კაცო, ასი ლექსი... ძვირფასი ამბავია, მაგრამ ასი ლექსი... ამას ხომ ჟურნალის ასე გვერდი მოუნდება, აჰა...არა, შენ ამბობ, რომ მხოლოდ თორმეტი გვერდი იქნებაო... ძალიან კარგი.... რანაირად მოახაზირე ახლა შნ მაი...ა?
-მოვახერხე სულ უბრალოდ: ოთხ-ოთხი სტრიქონი ერთ სტრიქონად გადავაქციე.
- მერერეიზა ჰქენი მაი საქმე... დარჩენილიყო ოთხ-ოთხ სტრიქონად...მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი: ნელა-ნელა ვბეჭდავდი თითო ლექსს თითო ნომერში: ესეც შენი ასი ნომერი “მნათობის”. ეხლა კი ასი ლექსია - და ჰონორარს კი მიიღებ ერთი ლექსისას. რეიზა შობი ახლა მაგ საქმეს, ა?
- იმისთვის, ჩემო მოსე, რომჩემთვის უმჯობესია ლექსები დაიბეჭდოს ეხლავე, თორემ სულერთია, დამეკარგება, ან გადამავიწყდება. მეორეც ისა, რომ ლექსების ჰონორარით არავის უცხოვრია ჩვენში და მე როგორ შვძლებ, რომ ვიცხოვრო? დეე, ასი ლექსი ერთ ლექსად ჩაითვალოს. არაფერია, გავსძლებთ. მესამე კიდევ....
- დაიცა, დაიცა. რას ამბობ, ვერგავიგე. ეს როგორაა, რომ სხვები თითო ლექსს ათ-ატჯერ ბეჭდავენ, ერთი ლექსი ათ ლექსად გამოჰყავთ... შენ კი ასი ლექსი გინდა ერთ ლექსად ჩაგითვალონ. კარგი, ნება შენია... მესამე კიდევ რაო?
- მესამე ისა კიდევ, ჩემო მოსევ, რომ კიდევ ბევრი ასი მაქვს დასაბეჭდი და თუ თითო-თითოდ ვბეჭდე, ძაან ადრე კი მოვრჩები საქმეს - აი?
- ორიგინალური კია, - სთქვა მოსემ, - ასი ლექსი ერთად ვისმეს რომელიმე ჟურნალში რომ დაებეჭდოს, არ მაგონდება, მოიცა, როგორაა “პროლოგი”?
...”რა საოცარი დასრულდა წლები,
მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი”...
მშვენიერია, იშვიათია... მაშ შენ ამბობ, რომ კიდევ ბევრი ასი გაქვსა დასაბეჭდი... მე კი სულო ცოდვილო, მეგონა, რომ შენ ეფექტის მოყვარული ხარ, გინდოდა გაგეოცებინა ხალხი ორიგინალური სათაურით ასი ლექსი!
- არა, ჩემო მოსევ, შეცდომაში არავინ შეგიყვანოს. რა დროს ორიგინალობა და ეფექტებია, შიძლება ხვალ მოვკვდე და ეს ლექსები მაინც დარჩეს დაბეჭდილნი. შეიძლება შთამომავლობამ შეაფასოს ისე, როგორც საჭიროა. უმჯობესია ეხლავე დაიბეჭდოს, თორემ მე თუ ‘’მნათობის” ასი ნომრის გამოსვლას ვუცადე... სად წაგვიყვანს...
“ექსპრომტი”


ძალიან, ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, უბიდან ქაღალდები ამოვიღე, წინ დავიწყვე და ერთი მათგანი, “სიმღერა 1 მაისს”, რამდენჯერმე გადავიკითხე. გვერდით რომ აკაკი შანიძე მიჯდა, ჩუმად შემეკითხა:
- რა არის ეს?
- “ექსპრომტია”.
- რა ექსპრომტი?
- აი, “კომუნისტში” ვიყავ, იქ დავწერე. მგონი დაიბეჭდოს კიდეც.
- შეიძლება წავიკითხო?
- ინებეთ.
ჰკითხულობდა ძალიან გულდასმით. მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა. აუდიტორია უსმენდა. აკაკი ჩუმად ჩემს ლექსს ჰკითხულობდა, ძალიან გულდასმით. ხელში კარანდაშით. შმდეგ იგი მე მომიბრუნდა:
- წაიკითხეთ ეს “ექსპრომტი” აქ, ამ აუდიტორიაში.
მე შეშინებით ვუთხარი:
- რას ამბობთ, არასგზით არ შემიძლია. დიდი ხანია, საზოგადოების წინ არაფერი წამიკითხავს. თავს კარგად ვერა ვგრძნობ. არ შემიძლია.
- მაშ კარგი. მე წავიკითხავ... ნებას მაძლევთ?
მე ამაზედაც დავფიქრდი... გავიფიქრე, ეს აკადემიაა... სხვა აუდიტორია. მაგრამ ბოლოს დავთანხმდი, გადაწყდა ასე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიის წაიკითხავს ჩემს ლექსს.
მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა. აუდიტორია უსმენდა. ვიცე-პრეზიდენტი ემზადება ჩემი ლექსის წასაკითხავად.
დედაჩემი


ჩონგურზე უკრავს ქალი. მე გატაცებით ვუგდებ მას ყურს. სოფელს სძინავს. ყოველივე ღამის სიბნელეშია გახვეული. ამ ბნელს,მყუდრო, ჩუმ, გარემოზე უცბად ამოდის მთვარე და გააშუქებს ჩემს აივანს. ქართულ რიკულებიან აივანს - და ქალს, მიხლებზეჩონგურით. მთვარის ნათელზე შეგიძლიათ გაარჩიოთ ეს ქალი. ეს - დედაჩემია. ა, გატუნია, მეუბნება იგი, - კარგად დამიგდე ყური. შენ გაგიგონია, რომ ჩონგური კი არ მღეროდეს, ლაპარაკობდეს, იმეორებდეს პირდაპირ, სწორედ იმას, რასაც შენ ამბობ, რასაც შენ მღერი? აი, მაგალითად: ჩე-მი ქმა-რი სად წა-ვი-და? - დედა მღერის - ჩე-მი ძმა-ნი სად წა-ვი-და? ჩამოჰკრა სიმს; ერთს, მეორეს, ჩონგური ბგერა-ბგერით იმეორებს იმასვე, რასაც მღერის დედა. სიტყვებში ისმის შეკითხვა, ჩონგურიც იმეორებს ამ შეკითხვას - სად წა-ვი-და? ისეთის ზედმიწევნით განმეორებით, რომ მე ჩემს სმენას არ ვუჯერი. “რა არის ეს? გადასარევია, დედა! ” - ვამბობ. დედა კი განაგრძობს: და-უ-უ-ძახეთ, სადწავ-ვიდა: (ორჯერ). ხომ გაკვირვებითი ძახილია? და ჩონგურიც თანაბარის ბგერით გადმოსცემს ამ ძახილს. ძახილის სიტყვები მეორდება, ჩონგურის ჟღერაც მეორდება და ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს გაოცებას. ჩონგური მღერის, ლაპარაკობს, იმეორებს პირდაპირ მას, რასაც დედა ამბობს, წარმოგიდგენიათ? “ჩემი ქმარი სად წავიდა, დაუძახეთ, სად წავიდა”. - იძახის ქალი, იძახის ჩონგურიც, მაგრამ ამაოდ: არსადაც არა სჩანს ეს ქმარი და აი, გამძაფრებული შეტევა, წყევლა-კრულა, ქოქოლა: “სად მის ქვესკნელში, სად ჯანდაბაში წასულა, დედამიწაშიც წასულა, წასულა, აღარ მოსულა, ჰო-ო-ოი”, უკანასკნელი სიტყვები ერთის ტონით ისმის, თითქო რეჩიტატივია. ეს ერთი ტონი ჰქმნის ილუზიას, თითქო ჩონგური კი არ ჟღერს, არამედ საუბრობს, ლაპარაკობს ღრმა დრამატიზმით აღსავსე სიტყვებს და სიმღერაც თავდება ყველაფრის გადამწყვეტი წერტილით, დამამთავრებელი ხმით : “ჰო-ო-ოი!”
დედაჩემი გადადებს ჩონგურს... მე ისევ ბურუსში რომ ვარ, დედა მარდად სდგება და მესმის ეხლა პროზაული!
- ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, საქონელი გაღმა გავიყვანოთ, წისქვილზე ვინმე უნდა გავგზავნოთ.
- რა გვეშველება, რა გვეშველება, სიმინდი მოსატეხია, ჩალა ასაჩეხია, დავიძინოთ, ჩემო გატუნია! რა გვემღერება, რა გვეჩონგურება? მეც ვდგები, მაგრამ ისევ მესმის თითქო:
ჩემი ქმარი სად წავიდა?
დაუძახეთ, სად წავიდა!
სად მის ქვესკნელში წასულა,
სად ჯანდაბაში წასულა,
დედამიწაშიც წასულა... ჰოოი!
ჩონგური მღერის, ლაპარაკობს, ძგერა-ძგერით იმეორებს მას, რასაც ამღერის ადამიანი.
[1950]
ქუთაისში გამგზავრება


მახსოვს: მე - პატარა, დედაჩემი და ბიძაჩემი ვართ ბიძის აივანზე. ბიძა წამოწოლილია სკამლოგინზე. მე დაადედაჩემი ფეხზე ვდგევართ.
- კარგი, მიდიხართ, მიგყავს ბავში ქუთაისში. შენ მას იქ თავს უნდა დაადგე. აქ სახლს რას უშვები?
- სახლს ჩავკეტავ. შიგ მაინც არაფერია ისეთი.
- არის, ვიცი, რომ არის.
- სახლი თქვენი სახლის წინა დგას, თქვენ მიხედავთ ხოლმე.
- არაფერსაც არ მივხედავთ. არავითარი საშუალება თქვენ არა გაქვთ, რომ ბავშვი აღზარდოთ. დარჩით სოფელში. ბავში ნურსად მიგყავთ. ეს არის ჩემი რჩევა.
- არშემიძლია. საწყალი ვასილის (მამაჩემის) სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვები იყო: “ბავშებს მიხედე, ბავშები გაუნათლებელნი არ დატოვო; ჩემი ძმა იუსტინე დაგეხმარებაო...”
მახსოვხ, დედაჩემს თვალთაგან ცრემლი გადმოსკდა.
- მე არაფრის დახმარება არ შემიძლია. მე თვითონ საშინელ გაჭირვებაში ვარ.
- მე თქვენ არაფერსა გთხოვთ, - უპასუხა დედაჩემმა, - მე მხოლოდ რჩევისთვის მოგმართეთ.
აღარ მახსოვს, რა უპასუხა ბიძაჩემმა.
მერი შერვაშიძე


ულამაზესი ქალი, მერი შერვაშიძე, როგორც ეხლა, ისე წინედაც ატარებდა თავის პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად. შორიდან იგი გაგიჟებით უყვარდა ერთ ახალგაზრდა ვაჟს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს ან გრძნობდა ძალიან ცუდად, ეჭვიანობდა და იმიტომ, მაგრამ ეჭვების გამფანტველი არავინა სჩანდა. ყოველივე იცოდა მერის დედამ, იცოდა გაცილებით უკეთესად, ვინემ თვითონ მერიმ, მაგრამ უკანასკნელი ვერ ბედავდა შეკითხებოდა მას. მერის ეგონა, რომ თავისი სისულელით დაანგრევდა სახლს. მას ეს სრულიადაც არ უნდოდა, რა საჭიროა ქმარი? სრულიადაც არ უნდოდა მას ქმარი, სრულიადაც. ამ სახლში რვა ადამიანია: სამი გასათხოვარი ქალი და დანარჩენი ვაჟები. დედა კიდევ ხუთი თვეა ორსულადაა: ვინ იცის, ტყუპები ეყოლოს ან შიძლება სამი, როგორც ეს მოხდა წინად? “წყნარად, მერი შერვაშიძე, ეუბნებოდა თავის თავს ახალგაზრდა ქალი, შენ მხოლოდ დააკვირდი ყველა მამაკაცების ქცევას და თვითონვე ყველაფერს გაიგებ და რა საჭიროა დ ედ-მამის შეწუხება, მე თავზე ხელაღებული ქალი ვარ... ასეთი ქალი კი უბედურებაა. თუ მას არ უყვარს სიმშვიდე და მყუდროება, დეე, ნუ შემირთავს. ყოველ შემთხვევაში თავის თავს ამნაირ ქალად ვთვლი. მე არ მეცოდინება რაა ღალატი, როგორც არ ვიცი ეხლა. მე გავთხოვდები უმწიკვლო და უნაკლოდ. გავთხოვდები ძალიან მალე”.



საათმა თორმეტჯერ დარეკა. რიმანელი მშვიდად იყო გადაწოლილი დივანზე, გამხიარულებული ბუხართან. მისი აზრები სავსებით შებოჭილია წერილით, რომელიც ხელში ეჭირა. განსაკუთრებით დიდხანს აფიქრებდა ერთი ხაზგასმული ადგილი- 24 საათში, რათაც არ უნდა დაჯდეს, 24 საათში.
1928



წვიმის შემდეგ ცაზე აღმოსავლეთით გამოჩნდა ცისარტყელა: მასში უფრო მეტი იყო მწვანე ფერი, სწორედ ისეთი, როგორიცაა ახლად ამწვანებული ჯეჯილი სიმინდისა. იყო ცისარტყელაში წითელი ფერი, წითელი, როგორც ბროლის წიქაში მდგომარე ღვინო, რომელიც გუშინ მოგაწოდა მეგობარმა; და ყვითელი, როგორც ტობანიერში, ამ შემოდგომაზე დაგროვილი გარჩეული სიმინდის ტაროები, ან ჯერ კიდევ აუჩეხელი სიმინდის ჩალა.



რა არის წარსულზე ფიქრი? იგივე გრძნობა, როდესაც, შსაძლებელია, სამუდამოდ გულმოკლული დედა აქანავებს უბავშვოს, ცარიელ აკვანს.



განა მართლა ცაზე ვარსკვლავები ანათებენ: რამდენი ვარსკვლავებია აქ. ამბობენ, რომ ვარსკვლავების რიცხვი უდრის დედამიწის ზურგზე მცხოვრებთა რიცხვს. მაგრამ მე ეგ არ მჯერა რაღაც. მსოფლიო ომის დროს რამდენი ადამიანი გაიჟლიტა ვინ იცის? ცაზე კი, ცოტა გამოკლებით, იმდენივე ვარსკვლავია, რამდენიც იყო ამ ოცი წლის წინათ. მაგრამ აი, მოსწყდა ერთი მშვენიერი ვარსკვლავიც. კრეველი, საოცარი კრეველი.



შემოდგომის ბნელი წყვდიადი ღამეა. მე ვდგევარ აივანზე, ღამე მართლაც ბნელია, როგორც ბედისწერა, როგორც ის, რაც უნდა მოხდეს, რაც აუცილებელია. მოუნათლავი, კუპრივით შავი ღამე. თითქო მისძინებიათ ავსულებს, ან განგებ სთვლემენ, როგორც ქაოსები, მშვიდია ეს ღამე, როგორც ბავშვის ძილი ან სამუდამო სიკვდილი. სადღაც შორს მოისმის ურმის ჭრიალი; არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მგზავრობა ასეთ სიბნელეში. სიჩუმეა ჟრუანტელის მომგვრელი. გწყურია გამოიტანო დინამიტი, რომ ერთი წამით დაარღვიო ეს მყუდროება, გწყურია ცეცხლი წაუკიდო სოფელს, რომ განათდეს იგი, ისეთი სიბნელეა, ეხლა რომ სამზადი სახლიდან გამოიტანო საცერი და მით უცქირო ამ წყვდიად სახეს, კერპი თვალი უსათუოდ დაინახავს გესლიანად მომღიმარე დემონს. მაგრამ არა, მიუგდე ყური. გულდასმით დაუგდე ყური. სადღაც შორს, ძალიან შორს ხმაურობს რიონი. უფერო წყალში დამღრჩვალს სულს დაეპატრონენ ავი სულები. დამხრჩვალია სული მოითხოვს შველას.



ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქო ბნელი გოლიათი წევს გულაღმა, სძინავს, მას თავს დასწოლია რაღაც ბნელი ძალა და აღრჩობს. აი, მოაღრჩო კიდეც. იგი მკვდარია.



ღამე ისე სდუმს, როგორც გატენილი თოფი.



ღამით მინდორზე სძოვს ცხენი, ფაფარი ჯაგებში ეჩრება.
ღვინო
გულია ჟანგი ღვინოს სვამს პირველად, მაგრამ ორიოდე ყანწის შმდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. დალევს კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჟანგი, გამომჟღავნდება ყველა საიდუმლო, დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები (მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ, ღვინოს მე ვსვამ და თქვენა თვრებით?). ასეთია ღვინის ზალა: ის რომ ტურას ხახაში ჩაასხა, მგელს წააქცევს...
1931



ცარიელ სუფრაზე როდი ლოცულობენ.



გალაკტიონი - გა... გამოშრეტილი, გამოშ...ტრილი გალაკტიონი! გა-მო-შტრი-ლი! (ე.ი.გამოშტერებული გალაკტიონი, - ასე იძახდა მეორე ღობეს გადასული ჩემგან მიპერტყილი ჩემი ბიძაშვილი ქალიეთერი ბავშვობისას სოფლად). დღეს, 20 ნოემბერს, 1957 წელს ჩემთან მოვიდა მისი ქმარი და მისი დიდი შვილი, რომელიც თურმე ლექსებსაცა სწერს. მოიტანა მშვენიერი ლექსები.
[1957]
შემოქმედება
"წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი."
მე და ღამე
ქარით დატირებული


ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

1914

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.


უსიყვარულოდ
*** (მზეო თიბათვისა...)

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!


მეგობარს
ისევ ის სევდა... ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,
ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?
არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?
ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,
რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,
მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში
სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!

სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს
და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით...
რარიგ სცდებიან... მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს
სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.
შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი...
ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება,
ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილი
იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!


სად დასასრული იყო


ჰე, მამულო!

სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის,
იდგა სანთლების ჯიღა
და ქანდაკება თუჯის.

ყრიდნენ სანთლები ზოლებს,
ჰქროდა სიცივე ბინდის
და იგობედენ მოლებს,
როგორც დაწყევლილ სინდისს.

იდგა გაშიშის სევდა,
მწარე, ნისლივით ვრცელი,
მას ბურუსებზე ხვევდა
თეთრი ობობას ქსელი.

თითქოს მოინგრა ზეცა,
სისხლი, სიცილი ლოთის,
თითქოს მალული მხეცი
უფსკრულებიდან მოდის.

მოდის ბურანი ხანთა,
მას ბატონობა ანდენ,
სად ყვავილები სჩანდა
და დემონებიც სჩანდენ.



ვით დამსხვრეული ჭიქა,
გატყდა ღიმილი ტუჩის,
სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის.

ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

პოეზია-უპირველეს ყოვლისა

სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტიცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის.
სიმღები ხალისის და ბრძოლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში

ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.


ხანი გავიდა,გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც,ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.


ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გავაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.


და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც,ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.


როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით-ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება,

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ლურჯა ცხენები


უკანასკნელი მატარებელი
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, -
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდოებები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, -
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, -
გამოსალმების ხელოვნებისთვს
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?
უკანასკნელი მატარებელი
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..


წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!
გურიის მთები


ხარობს გული, ხარობს გული იმას,
რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას.

რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი
(იყო მსხვერპლი, მაგრამ მსგავსი მსხვერპლი?)

სევდიანი თვალს მოშორდა რული,
გამოცოცხლდა, გამოცოცხლდა გული.

სიხარულით კვლავ წკრიალებს ქნარი
(იყო მკვდარი... მაგრამ მსგავსი მკვდარი? )
გამოცოცხლება
ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო
ათი ქალწული

სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.


თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა


ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.
ვერხვები
დროშები ჩქარა

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!


მერი


მამული

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!
მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


ქარი ჰქრის...

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..


მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!


წამყე ბეთანიისაკენ!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!

ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...
სანადირო ადგილები...
წამყე ბეთანიისაკენ!

მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.
ჩვენ, პოეტები საქართველოსი

გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.

აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.

იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,

და გიგანტური მუხლუხო - ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა აერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.

წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.

გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.

იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გამოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.

ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...

დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..
თვალუწვდენელი, დაუსაბამო

თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.


შენი სადღეგრძელო

კაფეში სევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდავიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).

შენს სადღეგძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვასვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.

და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს.
გალაკტიონის ნახატები

გალაქტიონი

გალაქტიონი

გალაქტიონი